ინტერვიუ ტრენერთან – სალომე საბელაშვილი

სალომე საბელაშვილი – ფსიქოლოგი და ბიზნეს ტრენერი

ტრენერობა ნიშნავს ტრენინგების იმ პროცესის კარგად წაყვანას, სადაც ხდება ცოდნის, უნარ-ჩვევების და დამოკიდებულებების ცვლილება ადამიანებში მათი განვითარების ხელშესაწყობად. ადამიანების განვითარება ყოველთვის იყო ის, რაც მაინტერესებდა, მაინტერესებს და ყოველთვის მენდომება მომავალში. ასე რომ, სწორედ ამიტომ ავირჩიე და ვარ ამდენი ხანია ამ სფეროს ერთგული. ვმუშაობ უკვე 19 წელია ამ სფეროში სხვადასხვა არასამთავრობო და კერძო სექტორში ფასილიტატორის, ტრენერის, ტრენინგების სამსახურის უფროსის და ტრენინგის და განვითარების მენეჯერის პოზიციებზე. გარდა სრულ განაკვეთზე მუშაობისა, პარალელურ რეჟიმში ვმუშაობ სხვადასხვა ტრენინგების და გუნდის შეკვრის პროექტებზე სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო ბიზნესისთვის. ამ სფერომ მასწავლა ის, რომ უშრეტია ადამიანის შესაძლებლობები.

დამწყებ ტრენერებს ვურჩევ ბევრ ექსპერიმენტს, თვითანალიზს / თვითკრიტიკას, გაბედულებას და ჩარჩოების გაფართოებას.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ენერჯაიზერები, მაინც ვერცერთს გამოვყოფ, რადგან მთავარი ჩემთვის დინამიკის მართვაა. აქედან გამომდინარე ჩემს ტრენინგზე ყოველთვის ვიყენებ დისკუსიას, ინდივიდუალურ და მცირე გუნდებში მუშაობას, მინი ლექციას, სხვადასხვა თემატურ თამაშებს და სავარჯიშოებს. ჩემთვის დიდი სტიმულია იმ ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის კმაყოფილება, ვინც შემიკვეთა ესა თუ ის ტრენინგი და ვინც დაესწრო ამ ტრენინგს. ყველაზე სასიამოვნო ის მომენტებია, როდესაც შენს თვალწინ ხედავ იმას, თუ როგორ ვითარდებიან ადამიანები, როგორ ფიქრობენ და აანალიზებენ ახალ მოცემულობებს, როგორ გეგმავენ მომავალ ქცევებს და როგორი ემოციებით იმართებიან მხრებში. განსაკუთრებით სასიამოვნოა, საკმაოდ დიდი პერიოდის გასვლის შემდეგ, რომ მწერენ და მიზიარებენ, თუ როგორ დაეხმარათ ესა თუ ის ტრენინგი – ასეთი მადლიერება არის ყველაზე დასაფასებელი.

ტრენერისთვის აუცილებელი ფაქტორია მისი პოზიტიური და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება სხვების მიმართ. ყველა დანარჩენი ფაქტორის ცვლილება და განვითარება შესაძლებელია. დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ცვლილებაა ყველაზე რთული, ამიტომ აი ამ საკითხს თუ მიაქცევენ ყურადღებას – ნამდვილად სწორ ადამიანებს შეარჩევენ.

ყველას ვურჩევ, რომ ჩადოს მისი გული და სული იმ საქმეში, რასაც აკეთებთ და მოუსმინოს ადამიანის საჭიროებებს. ერთხელ, ერთ-ერთმა კომპანიამ მთხოვა დროის მართვის ტრენინგის ჩატარება და მათთან პირველ შეხვედრაზე 45 წუთი დავიგვიანე (რაც არ მჩვევია ზოგადად). ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მეგონა, რომ უკვე განწირული იყო ეს შეხვედრა და აღარ გავაგრძელებდით თანამშრომლობას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ტრენერებთან და ტრენინგ კომპანიებთანაც ჰქონდათ მოლაპარაკებები, მაინც მე შემიკვეთეს ბოლოს ტრენინგები თავიანთი მენეჯერებისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ ვკითხე, თუ რატომ შეაჩერეს ჩემზე არჩევანი და პასუხად მოვისმინე ის, რომ ჩემი ტრენინგ მოდული იყო სწორედ ის, რაც მათ უნდოდათ და სჭირდებოდათ და პიროვნულმა სიმპატიებმაც იქონია დიდი გავლენა. ასე რომ, გირჩევდით პოზიტიურ მუხტს და განვითარებას, რომ შეცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.

ეს ასოციაცია თუ იქნება ისეთი პლატფორმა, სადაც ერთმანეთს გაეცნობიან ამ სფეროში მომუშავე ადამიანები და გაუზიარებენ მათ ცოდნას და გამოცდილებას – ეს იქნება ყველაზე დიდი სარგებელი საზოგადოებისთვის. ტრენერობა არ ნიშნავს რაღაც თამაშების და სავარჯიშოების ცოდნას. ტრენერობა ნიშნავს ამ მეთოდების სწორად გამოყენებას, სწორ დროს, შესაბამის აუდიტორიასთან, შესაბამისი მიზნებისთვის. ამიტომ მგონია, რომ ერთმანეთის განვითარება უნდა იყოს მთავარი სარგებელი ყველასთვის.

ინტერვიუ