ტრენერთა აკადემიის პირველი სასწავლო შეხვედრა თორნიკე გურულმა გახსნა

ტრენერთა აკადემიის პირველი სასწავლო შეხვედრა ტრენინგების დაგეგმვასა და მის მეთოდიკას დაეთმო, რომელსაც ტრენინგ ინდუსტრიაში 23 წლიანი გამოცდილების მქონე წამყვანი ტრენერი თორნიკე გურული წარუძღვა.
თორნიკემ ტრენერთა აკადემიის მონაწილეებს ყველა ის საბაზისო საკითხი და ფაზები გააცნო, რომელიც ტრენინგის სწორად დაგეგმვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორი მეთოდური და დიდაქტიკური მიდგომის მეშვეობით ტრენერი სწორად ახდენს საჭიროებათა იდენტიფიკაციას და ტრენინგის კომპონენტებს, პროცესსა და მიზნებს სწორედ მის შესაბამისად განსაზღვრავს. ამ ყველაფრსითვის კი მთავარი საწყისი და საკვანძო ნაბიჯი ტრენინგ საჭიროებათა ანალიზია ( TNA), რომლის გარეშეც სასწავლო პროგრამის სწორად და თანმიმდევრულად დაგეგმვა შეუძლებელია. სიღრმისეულად ჩატარებული ანალიზი ეხმარება როგორც ტრენერს, ასევე დამკვეთს დაადგინოს და დააზუსტოს რეალური ტრენინგ მოდულის საჭიროება კონკრეტული ჯგუფისა თუ ორგანიზაციისთვის.
ტრენინგის დაგეგმვას მისი ეფექტიანობისა და გრძელვადიანი შედეგიანობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ორიენტირს გვაძლევს, რომ სწორად მივმართოთ როგორც ტრენერის, ასევე მონაწილეებისა და ორგანიზაციის რესურსები, ძალისხმევა. ამ ყველაფრის სწორად წარსამართად კი საჭიროა ტრენინგ-სწავლების ყველა ეფექტური და გამოცდილი მეთოდოლოგიისა და ინტრუმენტის ცოდნა, რომლის შერჩევა და გამოყენებაც სწორად უნდა შეძლოს თანამედროვე, სწრაფად განვითარებად ტრენინგ ინდუსტრიაში მომუშავე ტრენერმა.
ტრენერთა აკადემია მადლობას უხდის თორნიკე გურულს მხარდაჭერისთვის.

სიახლეები