2>1 • რატომ ორი კარიერა?!

უჩვეულო არაა, როდესაც ადამიანებს სურთ პარალელურად ჰქონდეთ თავიანთი პროფესიისგან რადიკალურად განსხვავებული კიდევ დამატებითი პროფესია. თუმცა, ამას ნაკლები ადამიანი აკეთებს, რადგან წარმატების შანსი ორივე კარიერაში ძალიან ცოტაა.

მიუხედავად ამისა, გიფიქრიათ ორი კარიერის სარგებელზე? რა თქმა უნდა ეს ბევრ შრომას და საკუთარ თავზე მუშაობას მოითხოვს, მაგრამ ორი პროფესია გვაძლევს მნიშვნელოვნად მეტ შესაძლებლობას, ვიდრე ერთი.

ცხოვრებაში ბევრი ინტერესი გვაქვს და თუ პრიორიტეტების მიხედვით მივყვებით ჩვენს ინტერესებს და ვაქცევთ მათ ჩვენს კარიერად, ცხოვრება უფრო საინტერესო იქნება, ხოლო შემოსავალიც შესაბამისი. შრომის ბაზარზე ვიქნებით უფრო კონკურენტუნარიანები და გვექნება ბევრად მეტი შესაძლებლობა ვიდრე მათ, ვინც მთელი ცხოვრება ერთი კონკრეტული საქმით არიან დაკავებულნი.

გაგაცნობთ რამდენიმე საკითხს, რაც უნდა გაითვალისწინოთ თუ გადაწყვეტთ რომ გქონდეთ ორი კარიერა.

  • პროფესიული პერსპექტივის ზრდა

რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ ერთ ინდუსტრიაში, თქვენი ხედვა ხდება ძალიან ვიწრო და კლაუსტროფობიურიც კი – ურთიერთობა ერთი და იგივე ხალხთან, მსგავს პროექტებზე, მსგავს სექტორებში. წლების განმავლობაში ერთი და იგივე ფუნქციების შესრულება ერთ დღეს გახდება ძალიან მოსაწყენი და მონოტონური. იმისათვის, რომ გავაფართოვოთ ჩვენი ცნობიერების ჰორიზონტი და მივიღოთ მეტი ინფორმაცია სხვა პროფესიების შესახებ, ესაუბრეთ ამა თუ იმ თქვენთვის საინტერესო პროფესიის მქონე ადამიანს, ეცადეთ ჩაიხედოთ მათი საქმიანობის ,,შიდა სამზარეულოში“ და შეიტყოთ უფრო მეტი, რადგან ერთი შეხედვით შეიძლება ბევრი მიმართულება მოგვეჩვენოს მიმზიდველად, თუმცა სიღრმისეულად შესწავლისას აღმოვაჩინოთ რომ სულაც არ არის ჩვენთვის საინტერესო. ამის გამოსარკვევად კი ყველაზე კარგი შესაძლებლობაა ამ დარგის სპეციალისტებთან ურთიერთობა და შიდა ინფორმაციის გაგება.

  • გამოცდილების მიღება

სათანადო განათლებისა და ხარისხის მიღება რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ნებისმიერი დამსაქმებელი დააფასებს თქვენს სწრაფვას მიიღოთ რაც შეიძლება ფართო სამუშაო გამოცდილება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ ხართ თქვენი კარიერის საწყის ეტაპზე, რადგან სწორედ ამ დროს მიზანშეწონილია შეიძინოთ რაც შეიძლება მეტი გამოცდილება და ამასთანავე განავითაროთ ისინი ხვადასხვა მიმართულებით.

რამდენიმე სამუშაო გამოცდილებით, იქნება ეს პარალელური სამსახური თუ მოხალისეობა,  თქვენ შეძლებთ ზუსტად განსაზღვროთ თქვენი ინტერესები. გამომდინარე იქიდან, რომ სხვადახვა პროფესია მოითხოვს სხვადასხვა უნარის ქონას, თქვენ შეძლებთ გამოარკვიოთ თქვენი ძლიერი მხარეები და შესაბამისად განავითაროთ თქვენი მომავალი პროფესიები.

  • დამატებითი შემოსავლის წყარო

Extra money is never extra – ზედმეტი შემოსავალი არასოდესაა ზედმეტი. ყველას უნდა დამატებით ჰქონდეს შემოსავლის წყარო. თუ თქვენი კარიერის კიბეზე დაბალ საფეხურზე დგახართ, უნდა სცადოთ დამატებით შეითავსოთ სხვა საქმეც, რაც სარგებელს მოგიტანთ როგორც ფინანსურად, აგრეთვე დაგეხმარებათ თქვენი ინტერესების აღმოჩენაში. თუ გაქვთ ისეთი ცოდნა/უნარი, რასაც თქვენს მიმდინარე სამსახურში ვერ იყენებთ, მაშინ გირჩევთ მოძებნოთ პარალელური სამსახური, სადაც მას გამოიყენებთ. მითუმეტეს, ნელნელა საქართველოშიც მკვიდრდება ტენდენცია, რომ აღარ არის საჭირო ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად ოფისში ყოფნა და შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა. პარალელურად დისტანციური კარიერის დაწყება და შესრულება სულაც არ არის ისეთი რთული, როგორიც ეს წლების წინ იყო. დღევანდელი ციფრული სამყარო, სწორედაც რომ ამის დიდ შესაძლებლობას გვთავაზობს.

გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თქვენი საკუთარი თავის ხელმძღვანელი! მოძებნეთ პროექტები, რომლებიც არის მართვადი, მომგებიანი, მოქნილი და საინტერესო – და რომელიც არ შეუშლის ხელს იყოთ პროდუქტიულნი თქვენ ძირითად სამსახურში.

  • სანაცნობო წრის გააფართოვება

გამოდით თქვენი სამუშაო გარემოდან და თქვენ აღმოაჩენთ ახალ სამყაროს სავსეს საინტერესო ადამიანებით. ოცდამეერთე საუკუნეში ურთიერთობები და სანაცნობო წრე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს კარიერაში, მიუხედავად იმისა, პირდაპირ უკავშირდება თუ არა ის თქვენს საქმიანობას. ზედმეტი არასოდესაა ვიცნობდეთ უფრო მეტ ადამიანს, როგორც ჩვენს პროფესიაში, აგრეთვე სხვადასხვა ინდუსტრიაში, ასე ხომ უფრო მეტად გავუგებთ სამყაროს და ავიმაღლებთ ცნობიერებას.

ახალი კავშირების მიღმა, თქვენმა სანაცნობო წრის გაფართოვებამ შესაძლოა გაგიხსნათ გზა მომავალ კარიერაში და ბიზნეს პარტნიორულ ურთიერთობებში. ახალი კონტაქტების  დამყარებამ ადამიანებთან და მათი გამოცდილების გაზიარებამ, რომელთაც აქვთ პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზა, მხოლოდ და მხოლოდ სარგებელი შეიძლება მოგვიტანოთ.

გაითვალისწინეთ რჩევები, გაჰყევით თქვენს ინტერესებს, ამ ძიების გზაზე აღმოაჩენთ რომელიმე საქმისადმი ვნებას, რომელიც შეგავსებთ და მოგცემთ კმაყოფილების შეგრძნებას, რასაც საბოლოოდ ბედნიერებამდე მივყავართ. და ერთზე მეტი საქმის კეთებით, თქვენ შეძლებთ ყველა მათგანი კარგად შეასრულოთ.

ავტორი: ომარ ტერტერაშვილი

სიახლეები