ინტერვიუ ტრენერთან – მაკო ჯაოშვილი

მაკო ჯაოშვილი – PR აკადემიის, განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი

ტრენერობა, ეს არის გარკვეულწილად პასუხისმგებლობა, ეს არის ნიჭი – თავი მოუყარო დაგროვილ ცოდნა-გამოცდილებას, მოერგო ტრენინგის მონაწილეთა მისწრაფებებსა და მოთხოვნებს, ეს არის შესაძლებლობა – გასცე საკუთარი თუ სხვისი რჩევები კონკრეტული უნარების გასაუმჯობესებლად. რატომ?! სწორედ ამ შეკითხვის დასმით დავიწყე მეც ტრენერობა. ავირჩიე, რადგან დავინახე როგორ შეგიძლია დაეხმარო სხვებს გზის გაკვალვაში. დამწყებ ტრენერებს ვურჩევ პირველ რიგში შეეკითხონ საკუთარ თავს: რატომ ვირჩევ ამ საქმეს, რატომ უნდა მომისმინონ?! ზოგადად, ასე იწყება ნებისმიერი პროცესი და არც ტრენერობაა ამ მხრივ გამონაკლისი. ასე დავიწყეთ ჩვენც და ასე გრძელდება…

ტრენინგის დაგეგმვა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპის შესრულებას მოიცავს:

  • საჭიროებათა დადგენა ანუ „რა, სად, როდის“ და „ვისთვის, რატომ და როგორ“ შეკითხვებზე პასუხები;
  • ტრენინგის მონაწილეთა „ფსიქოპორტრეტის“ წარმოსახვა და მათზე ზრუნვა;
  • ტრენინგის თემატიკასთან დაკავშირებით სიახლეების გაცნობა და საინტერესო ამბებად „აკინძვა“, შემდეგ უკვე მზადების პროცესზე გადადიხარ.

მეთოდი, რომელსაც სიამოვნებით ვიყენებ, ეს არის პროცესში ჩართულობით, გამოცდილების გაზიარებით და შემოქმედებითი მიდგომით სწავლება. ჩემთვის დიდი სტიმულია საყვარელი საქმის კეთება. კარიერაში მამოტივირებელი ყოველითვის იყო, არის და იქნება პიროვნული და პროფესიონალური ზრდა-განვითარების შესაძლებლობა. მხოლოდ ისეთი გარემოა ჩემთვის მისაღები, სადაც მუდმივად სიახლეებია, საინტერესო ამბები ხდება და შენც ამ პროცესების უშუალო მონაწილე ხარ. მოკლედ იქ, სადაც გრძნობ რომ სიცოცხლე სჩქეფს და შენც დადებითი ენერგიით იმუხტები.

რა უნდა გაითვალისწინოს დამსაქმებელმა ტრენერის შესარჩევად?! პირველ რიგში, შეეკითხოს საკუთარ თავს, რატომ სჭირდება ზოგადად, ტრენერის მომსახურება, შემდეგ კონკრეტულად, როგორი ტიპის ტრენერი დააკმაყოფილებს მისი ორგანიზაციის მოთხოვნილებს და მონაწილეთა მოლოდინებს. ტრენერს კარგად უნდა აუხსნას, რა მიმართულებით სურს თანამშრომლების მომზადება-გადამზადება. ტრენერისგან მოითხოვოს რა მეთოდიკას იყენებს და რა შედეგზე გავა ასეთი სწავლებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტრენერს ქონდეს არჩევანის თავისუფლება, რადგან ერთია რა სურს დამსაქმებელს და მეორე, რა გამოიკვეთბა უშუალოდ ტრენინგის ფარგლებში.

როდესაც გჯერა საკუთარი შესაძლებლობების, როცა მზად ხარ დაისახო მიზანი და ყოველდღიურად იშრომო მის მისაღწევად, შედეგი „ლანგარზე მორთმეულივით“ მოდის. ხოლო ისტორია, რომლის გაზიარებასაც ვისურვებ, არის იმ პირობის შესრულება, რასაც ქვია „წიგნის თაროზე გამოჩენამდე“. ტრენერთა ასოციაცია ერთერთი პირველი იქნება, ვინც მოისმენს და გაიგებს რას ნიშნავს ჩემთვის „ცხოვრება, როგორც პერფორმანსი“.

ტრენერთა ასოციაციაზე ვფიქრობ, ძალიან დროული ინიციატივაა, ასეთი გაერთიანება ერთი მხრივ, არის გამოცდილების გაზიარების, სიახლეებზე წვდომის საშუალება, მეორე მხრივ, იმ საერთო ხედვის ჩამოყალიბების საფუძველი, რომელიც უწყვეტი განათლების პროცესში მუდმივად იხვეწება, ვითარდება და წინსვლის მუხტს აძლიერებს. საზოგადოებისთვის ასეთი გაერთიანება უზრუნველყოფს სატრენინგო სწავლებისა და ასოციაციაში გაერთიანებული ტრენერების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, უნარ-ჩვევების გასამყარებლად სასარგებლო რჩევებითა და სხვა საინტერესო სიახლეებით „განებივრებას“, სათანადო სტანდარტების შექმნით სატრენინგო მომსახურების ხარისხზე პასუხისმგებელ ორგანიზაციას, რომელიც მუდამ მზად არის განავითაროს სხვები და თავადაც განვითარდეს!

ინტერვიუ